ვ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარეობს იბერიულ-კავკასიური ენების, კავკასიის სხვა ენებისა და კავკასიის ხალხთა ისტორიისა და კულტურის კომპლექსური სწავლება და კვლევა მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინების (არქეოლოგია, ეთნოლოგია, ლიტერატურა და ფოლკლორი . . .) მონაცემთა გათვალისწინებით.

თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტი ამ მიმართულებით მომუშავე ინსტიტუტებსა და კათედრებს შორის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ასე კომპლექსურად და ფართოდ მიმდინარეობს კავკასიოლოგიური საკითხების დამუშავება და სწავლება. ქართველური ენებისა და საქართველოს ისტორიის სრულფასოვანი კვლევა შეუძლებელია კავკასიური ენებისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის მონაცემთა გათვალისწინების გარეშე, ამიტომაც იყო, რომ ივანე ჯავახიშვილმა ერთგვარი ,,ანდერძიც’’კი დაუტოვა თანამემამულეებს: ყოველი განათლებული ქართველი ვალდებულია ისევე შეისწავლოს და იცოდეს ამ ხალხთა ენა და ისტორია, როგორც საკუთარი ერისა და ქვეყნისა.’’

თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტში შეისწავლება: ქართველური (ქართული, ზანური (მეგრულ-ლაზური), სვანური) ენები, აფხაზურ-ადიღური (აფხაზური, აბაზური, ადიღეური, უბიხური ) ენები, ნახური (ჩეჩნური, ინგუშური, ბაცბური (წოვა-თუშური) ენები, დაღესტნური (ხუნძურ-ანდიურ-დიდოური, ლაკურ-დარგუული, ლეზგიური) ენები, კავკასიის სხვადასხვა ხალხთა ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კავკასიის ხალხთა ტრადიციული და თანამედროვე კულტურა, ანთროპოლოგია, გეოპოლიტიკა და რეგიონალიზაცია. ისტორიკოს კავკასიოლოგის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი სიახლეა ერთ-ერთი კავკასიური ენის (არჩევით) საფუძვლიანი შესწავლა.